,,სწორი გზა უნდა გამოვძებნოთ” - ირაკლი კობახიძე რესპუბლიკურის მედპერსონალს მოუსმენს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ის დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეხვდება. კობახიძე ამბობს, რომ მზადაა ექიმებს მოუსმინოს.

კობახიძემ თქვა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლება აუცილებელია, თუმცა ეს უნდა მოხდეს ისე, რომ დაცული იყოს მედპერსონალის ინტერესები.

შეხვედრა საღამოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.

,,ექიმებთან შეხვედრის სურვილი თავიდანვე გამოვხატე, უბრალოდ ვიზიტების გამო ვერ მოვახერხე. დღეს გაიმართება შეხვედრა. მზად ვართ ღიად საუბრისთვის. ჩვენთვის მთავარია, საუკეთესო გადაწყვეტის გზა გამოვნახოთ. ერთის მხრივ, კლინიკის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, უმჯობესია, რომ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს, ამასთან ჩვენ გულისხმიერად უნდა მივუდგეთ ექიმების ინტერესებს. ორი ინტერესია აქ, რაც უნდა დაბალანსდეს, რესპუბლიკურ საავამდყოფოში ინფრასტრუქტურა, მდგომარეობა არ არის კარგი, განახლება არის აუცილებელი.  ამასთან, მაქსიმალურად სწორი გზა უნდა გამოვძებნოთ, რომ კოლექტივის ინტერესი იყოს დაცული. ვილაპარაკებთ ამ ყველა დეტალზე და შემდეგ მოგახსენებთ, როგორი იქნება მთავრობის გადაწყვეტილება”.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა რეორგანიზაციის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს. მედპერსონალის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ახალ პრემიერთან, კობახიძესთან შეხვედრა იყო.