„სწორი ნაბიჯი და სწორი ტონია. საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგი სჭირდება და არა მეტი კონფრონტაცია“, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას.
გუშინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
დღეს კი, პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო კი გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან რამდენიმე საათში შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ღარიბაშვილი მოქმედი თავდაცვის მინისტრია, რომელიც 2013-2015 წლებსი ერთხელ უკვე იყო პრემიერ-მინისტრი.