სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენც გვქონდა იმედი, მაგრამ ეს არაა შეჯიბრი - ზურაბიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად კანდიდატის სტატუსის მიღების იმედი ჰქონდა, მაგრამ ეს შეჯიბრი არაა და საქართველოს თავის თავთან აქვს გამოწვევა, რამდენად კარგად და სწრაფად შეასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს.

„ძალიან სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს.

ჩვენც კი ამის იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ. ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი. შეჯიბრი თუ არსებობს, არსებობს ჩვენს თავთან.

თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის რეფორმები და ის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ გვეხება. ჩვენს შემთხვევაში – 12; და ეს 12 რეკომენდაცია არის გამოწვევა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რამდენად შევასრულებთ, რა სისწრაფით შევასრულებთ, რა ეროვნული თანხმობით შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს და არა ცალ-ცალკე და ერთიმეორის წინააღმდეგ.

ეს არის ჩვენი გამოწვევა ამ გზაზე, თუ რამდენად შევძლებთ და შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს, ამით იქნება განსაზღვრული ჩვენი ევროპული მომავალი.

ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ჩვენს თავთან გვაქვს ეს გამოწვევა და არავისთან შედარებები არაფერს გვაძლევს, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ სოლიდარულები ერთმანეთის და უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მკაფიოდ, იმიტომ, რომ სოლიდარობა არის ჩვენი ნამდვილი პასუხი რუსეთისა და რუსეთის ქმედებების მიმართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი მოლდოვაში დღეს დაიწყო. ის ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდა, დღესვე გამართავს შეხვედრას მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.