ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სწრაფი ტესტების მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ანულირებულია.
„თანხა არ გადარიცხულა ამ კომპანიაში და ხელშეკრულება არის ანულირებული. გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც ჩვენ იგივე სტრატეგიით ვმუშაობთ – გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო 2 000 ტესტი, იმ შემთხვევაში თუ ტესტების სანდოობა იქნება ჩვენი მხრიდანაც დამტკიცებული, ჩვენ დამატებითი რაოდენობით შევიძენთ. რომ დავაზუსტო, ტესტების შეძენა მიმდინარეობს ინფექციონისტებისა და ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციით და ჩვენი საელჩოების სრული ჩართულობით, აქედან გამომდინარე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკეთებთ გადაზღვევას არააკრედიტირებული და არააპრობირებული ტესტების შემოტანისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ის სწრაფი ტესტი, რომელიც მარნეულში გამოიყენეს, PCR-ტექნოლოგიაზე დამყარებული, „ძალიან მაღალი სანდოობის ტესტია“.
ტიკარაძემ განაცხადა, რომ კომპანია Bioeasy-მა თავისი პროდუქცია თვითონ გაიტანა ყველა იმ ბაზრიდან, სადაც ის გაყიდული იყო.
„საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა დღეის მდგომარეობით, ამ კომპანიის ტესტები ჩვენ ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას.
„ეს დაკვირვება მდგომარეობს შემდეგში: ყველა ტესტის გადამოწმება ხდება აპრობირებული ტესტირების სისტემით და აქედან გამომდინარე ჩვენ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის, აქედან გამომდინარე დღესდღეობით ჩენს მოქალაქეებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებით მოხდეს მათი მცდარი დიაგნოსტიკა“, – განაცხადა ტიკარაძემ.