განათლების საკითხების მკვლევარი შალვა ტაბატაძე „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გამოქვეყნებული საუნივერსიტეტო პროგრამების კვოტებს აანალიზებს და წერს, რომ 2025-2026 წელთან შედარებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა შემცირებულია 3,000 ადგილით.
მათ შორის, როგორც შალვა ტაბატაძე წერს, ანალიზი აჩვენებს, რომ შემცირებულია განსაკუთრებით ილიას უნივერსიტეტის პროგრამები და დატოვებულია მხოლოდ პედაგოგიკა +აბეტ აკრედიტებული პროგრამები და შესაბამისად მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა 92%-ით მცირდება. ასევე შემცირებულია სოხუმის, ქუთაისის ორივე უნივერსიტეტის, გორის, სამცხე-ჯავახეთი, თელავის უნივერსიტეტების სტუდენტთა ადგილების რაოდენობა.
„უნივერსიტეტების დონეზე გაზრდილია თსუ-ს, სტუ-ს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მისაღებ სტუდენტთა საერთო რაოდენობა…
… მიმართულებების მიხედვით (მხოლოდ 7 მიმართულება გავაანალიზეთ ტენდენციების დასანახად, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები) მკვეთრად შემცირებულია სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, სოციოლოგია თბილისშიც და რეგიონებშიც. მეტიც, ამ მიმართულებებზე გორის, თელავის, ზუგდიდის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტების სტუდენტებს აღარ ექნებათ ხელმისაწვდომობა.
გაზრდილია კომპიუტერული მეცნიერებების, კომპიუტერული ინჟინერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინფორმატიკის საერთო რაოდენობაც და რაოდენობები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, თუმცა ხელმისაწვდომობა ამ მიმართულებაზე აღარ აქვთ გორის, თელავის, ზუგდიდის, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტების სტუდენტებს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიუხედავად იმისა, რომ აღარ არის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, სამართალი და ბიზნესის პროგრამები და დარჩენილია საინჟინრო-ტექნიკურ-ტექნოლოგიური-აგრარული მიმართულებები, 2026-2027 წლების კვოტა მაინც აღემატება 2025-2026 წლების გამოცხადებული ადგილების რაოდენობას, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფილირებულ საინჟინრო-ტექნოლოგიურ მიმართულებებზე მისაღები სტუდენტთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.
ბრძანების მიხედვით გამონაკლისებში არ არიან 1+4 კვოტირების სისტემით ჩარიცხული სტუდენტები, რომელთა რაოდენობა 2025-2026 წლებში 1500-მდე იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში და რომელთაც წელს უნდა აირჩიონ საბაკალავრო პროგრამა, შესაბამისად გამოყოფილი 21,300 ადგილიდან დაახლოებით 1500 ადგილი ამ სტუდენტებზე უნდა გადანაწილდეს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთის, თელავის, გორის უნივერსიტეტის 1+4 პროგრამის სტუდენტებს შეექმნებათ საბაკალავრო პროგრამის არჩევის პრობლემა 2026-2027 სასწავლო წელს, რადგან ის პროგრამები, რომელზეც მათ სწავლის გაგრძელება შეიძლება სურდეთ, აღარ იქნება მათ უნივერსიტეტებში“,- წერს შალვა ტაბატაძე სოციალურ ქსელში.


„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე, ჩამოთვალა რომელი უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტებზე გამოაცხადებს მიღებას.
როგორც მან განმარტა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, „არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით“:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით; სამართალი; ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება; სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე.
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში – მედიცინის სპეციალობებზე.
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე.
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ- აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობებზე.
- სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე.
- ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას.
- ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
- ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, როგორც მიქანაძე ამბობს, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ.