თადარიგის ოფიცერთა პირადი საქმეები რაიონულ კომისარიატებში ინახება, აღმოჩნდა თუ არა ის უკრაინაში, დავადგენთ - თავდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცრის მიხეილ ქამხაძის პირადი საქმის რუსების ხელში აღმოჩენას, რაც ლუჰანსკელი სეპარატისტების მიერ გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვიდეოსიუჟეტში გამოჩნდა. მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს, რაც კადრებში ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ნიშნები ჰქონდა.

მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან დაკავშირებით ვიდეოსიუჟეტი მოამზადა „მთავარმა არხმა“, თავად სამხედრომ კი თქვა, რომ მისი პირადი საქმე, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა და მისი აზრით, სწორედ იქიდან არაკანონიერი გზით გადასცა ვინმემ რუსეთს.

თავადცვის სამინისტრო კი საპასუხოდ აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, რადგან მათი დათხოვნის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში.

უწყების განცხადებით, პირადი საქმეები იგზავნება მუნიციპალიტეტების შესაბამის სტრუქტურებში. შესაბამისად, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმეც თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია რიონულ კომისარიატში და იქ ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში.

„ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

თავდაცვის სამინისტრო თავის განცხადებაში „მთავარ არხსაც“ აკრიტიკებს. რადგან სიუჟეტში გამოითქვა მოსაზრება, რომ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა და სავარაუდოდ, იქიდან გადაეცა რუსეთს.

თავდაცვის სამინისტრო ამ მოსაზრების გამოთქმას დეზინფორმაციად აფასებს და აცხადებს, რომ ის საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას ისახავს მიზნად.


უკრაინაში ე.წ. ლუჰანსკის სახალხო მილიციის პრესსამსახურმა გაავრცელა პროპაგანდისტული ვიდეომასალა, სადაც ოკუპირებულ ლისიჩანსკში, მათი მტკიცებით, „უკრაინელი ნაცისტების საწვრთნელი ბაზა“ იპოვეს. ვიდეოკადრებში კი მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე ჩანს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ნიშნები აქვს.

როგორც კადრებიდან ჩანს, პირადი საქმის მიხედვით, მიხეილ ქამხაძე უკვე სამხედრო ვეტერანია. კადრებში ჩანს მისი პირადი ინფორმაცია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გავლილი სწავლებების დამადასტურებელი სერტიფიკატებისა და სხვა დოკუმენტების ასლები.

მიხეილ ქამხაძე, რომელიც ახლა უკრაინაში მსახურობს, თავისი პირადი საქმის საოკუპაციო ძალების ხელში აღმოჩენის შესახებ „მთავარ არხს“ ესაუბრა. ქამხაძე ამბობს, რომ პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროს არქივში იყო დაცული და ვარაუდობს, რომ ის რუსულ მხარეს სწორედ არქივიდან გადასცეს.