საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ვერაზე მდებარე წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი, რომლის მსახური სასულიერო პირი კორონავირუსით არის ინფიცირებული, ახლა დაკეტილია და მას დეზინფექცია დღეს ან ხვალ ჩაუტარდება.
„სრული კარანტინია გამოცხადებული ტაძარში. ეს რამდენიმე დღე, რაც დასჭირდება დეზინფექციას, დაკეტილი იქნება ტაძარი, შემდგომში სხვა მოძღვარი, არა ამ ტაძრის მოძღვრები, რომელებიც ახლა თვითიზოლაციაში არიან, სხვა მოძღვარი შეასრულებს მსახურებას და აღდგომის დღესასწაულზე იქნება იქ წირვა”, – აცხადებს ჯაღმაიძე.
სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ვირუსი მისი ოჯახის სამ წევრსაც დაუდასტურდა. მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.