ტაძრებში ჩვენ არ უნდა წავიდეთ, ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში - წულუკიანი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა და საპატრიარქოსა და მთავრობას შორის გამართული მოლაპარაკების შედეგები შეაჯამა. მან აღნიშნა, რომ ეს არის ოქროს შუალედი.

„ეს ისეთი ოქროს შუალედია, თუ რომელიმე წუთს ყურადღებას მოაკლებ, ოქრო აღარ იქნება და გაუგებარი შუალედი გახდება, რამაც შეიძლება კატასტროფამდე მიიყვანოს ეს ქვეყანა. ჩვენი მხრივ მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მეორე მხრივ ეკლესია უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით“, – აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს – „ტაძრებში ჩვენ არ უნდა წავიდეთ, ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში“. მისი თქმით, ყველამ,  ვისაც აღდგომის ღამის გატარება ტაძარში ჰქონდა დაგეგმილი, უნდა გადადოს გვერდზე, რაც არ უნდა ამის საჭიროება ჰქონდეს.

„მე არ მივდივარ ტაძარში. მგონია, რომ პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ, უნდა გაიგოს, რომ სახელმწიფომ არ დაკეტა ტაძრები და ეკლესია ტაძრებს თავისით არ და ვერ დაკეტავდა. ეს არ ნიშნავს, რომ ტაძარი უნდა გაივსოს. ტაძარი არ უნდა გაივსოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ეკლესია უბრალოდ ვერ შეძლებს დისტანციის დაცვას (ესაა 2×2=4). ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ ეპიდაფეთქებას. ამ აფეთქების  თავიდან აცილებისთვის ერმა, ბერმა, ხალხმა, დიდმა, პატარამ ყოველ დღე და ყოველ ღამე ვაკეთეთ უამრავი რამ, ამიტომ ამას მოფრთხილება სჭირდება“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, ღია ტაძარი ჩვენს იდენტობაში არის უდიდესი სიმბოლო. ამ სიმბოლოს სახელმწიფო არ ეხება, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ტაძარში სააღდგომო დღესასწაულზე სასულიერო პირები და მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე უნდა იყოს.  „წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ეპიდემიოლოგიური და სანიტარული კატასტროფის წინაშე“, – აღნიშნავს იგი.

„მე ვესწრებოდი მოლაპარაკებების ერთ-ერთ შეხვედრას, როგორც მოწმემ ამ საუბრის, ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეკლესია მაღალი პასუხისმგებლობით აცნობიერებს, რას გვეუბნებიან ჩვენ ყველას ჯანდაცვის პროფესიონალები და ეპიდემიოლოგები“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, დღეს, სამწუხაროდ, მოდაშია ორი რადიკალური მოსაზრება – ერთი მოსაზრება ამბობს, რომ თუ ხარ მორწმუნე და გსურს იყო იქ, სადაც ნატრულობდი ამდენი დღე, რომ იქნებოდი იმ ღამეს – შენ ხარ ბნელი; ანდა თუ ამას შეურაცხყოფ ხმამაღლა და არ მიდიხარ ეკლესიაში, შენ ხარ სინათლე და ჭეშმარიტება. წულუკიანის თქმით, არცერთი პოზიცია მისაღები არაა. მისი განცხადებით, ერთადერთი მისაღები პოზიცია არის ის, რომ  დავრჩეთ სახლში.

„წირვა იქნება. სასულიერო პირების საქმეა ეს, მღვდელი იმისია, რომ წიროს (მით უმეტეს აღდგომის ღამეს), მაგრამ მე პირადად არ ვიქნები ტაძარში. მოვერიდები, რომ იქ მდგარ სხვა მოქალაქეს რამე არ გადავდო. მოვერიდები, რომ ეკლესიას არ მივუტანო ვირუსი და ამით არ დავუშავო რამე და არ მივაყენო აუნაზღაურებელი დარტყმა, რომელსაც ის ასეთ შემთხვევაში მოქალაქის ქცევის გამო მიიღებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, ძველი დრო აღარ არის და ახლა არის ის ინსტიტუციური დემოკრატია, სადაც პასუხისმგებლობები აქვს მთავრობას. „ეკლესიას აქვს თავისი პასუხისმგებლობები იმ თავის სამფლობელოში, რომელსაც ეკლესია ჰქვია და ეს პასუხისმგებლობები მან უნდა იტვირთოს. ამ პასუხისმგებლობებს ჩვენ ვერავინ ვერ ვიტვირთავთ. და მოქალაქესაც აქვთ თავისი პასუხისმგებლობები, თუმცა აღდგომის ღამეს – ძალიან დიდი. „მთავრობა მოქალაქის ნაცვლად ვერ დარჩება სახლში, ჩვენ მთავრობის წევრები დავრჩებით სახლში, მაგრამ თქვენც ყველანი უნდა დარჩეთ სახლში და ეკლესიამ წიროს სასულიერო პირების მონაწილეობით“.

წულუკიანის თქმით, თუ მაინც მოხვდებიან და მივლენ იქ მოქალაქეები 9 საათამდე, ასეთ შემთხვევაში მათ მოუწევთ იქ ყოფნა კომენდანტის საათის დასრულებამდე. „იმედია, რომ ეს იქნება ძალიან ცოტა ოდენობა იმისთვის, რომ თვითონ ეკლესიამ თავისი პასუხისმგებლობის ტვირთვა კანონის შესაბამისად შეძლოს – დაცული იყოს დისტანცია და ჩვენ არ მივიღოთ, ათ დღეში და ორ კვირაში, ე.წ. აღდგომის ეპიდემიოლოგიური ეფექტი, რაც იქნება კატასტროფის ტოლფასი.