თაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დოკუმენტის გაყალბების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით ცდილობდნენ ერთ-ერთი მოქალაქის დეპოზიტზე არსებული თანხის თაღლითურად დაუფლებას.

დოკუმენტის გაყალბების, დიდი ოდენობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 19-180-ე მუხლებით მიმდინარეობს, “- ამბობენ შსს-ში.