ტაილანდის 3 მოქალაქე მოტყუებით ჩაიყვანეს ზესტაფონში და სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ტაილანდის მოქალაქეებს,  გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დაასაქმებას დაჰპირდა.  დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში,  როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე  დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩაიყვანეს ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს  ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულს ბრალი ედება ტრეფიკინგში ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ (სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.