ტაკერ კარლსონმა ზელენსკისთან ინტერვიუ დააანონსა - ზელენსკის ოფისი უარყოფს

პუბლიკა

Fox News-ის ყოფილი ტელეწამყვანის, ტაკერ კარლსონის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუ ექნება. ამის შესახებ ის პლატფორმა X-ზე წერს.

„როგორც ჩანს, ზელენსკისთან ინტერვიუ გვექნება. ორი წელია ვცდილობთ და განსაკუთრებით, თებერვალში პუტინთან ინტერვიუს შემდეგ. ამის მიზანია, ამერიკელებს საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ კონფლიქტზე, რომელიც მსოფლიოში ქვეყნის პოზიციას ცვლის. იმედია, მალე იქნება”, – წერს ის.

როგორც მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენელმა, სერგი ნიკიფოროვმა დაწერა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„უკრაინის პრეზიდენტს სრულიად განსხვავებული დღის წესრიგი აქვს. ტაკერ კარლსონი მასში არ არის”, – დაწერა მან.

მიმდინარე წლის თებერვალში ამერიკელ ჟურნალისტთან ვრცელი ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც ჰქონდა. პუტინმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ ომზე, მათ შორის უკრაინისთვის ამერიკის მიერ გაწეულ დახმარებაზე და მოლაპარაკებებში აშშ-ის როლზე. ამასთან, აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინაში თავისი „მიზნებისთვის” ჯერ არ მიუღწევია.

ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა Wall Street Journal-ის ევან გერშკოვიჩის პატიმრობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი მისი გაცვლის შესახებ შეთანხმების მისაღწევად მზად არის. მან მიანიშნა, რომ ამისთვის რუსეთს გერმანიაში დაკავებული რუსეთის მოქალაქის გათავისუფლება სურს.