„მე ასე ვფიქრობ, შეიძლება ასე არ არის, მაგრამ 2 სექტემბერს ვიყავი ერთ-ერთ გადაცემაში და მიკროფონი, რომელიც ეკეთა ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს, შემდეგ ნამდვილად მე გამიკეთეს. სხვა შეხება მასთან არ მქონია, ის მეორე მხარეს გავიდა და მე მეორე მხარეს“, – განმარტავს პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი მის დაინფიცირების სავარაუდო წყაროს შესახებ.
მისი თქმით, მას არატიპიური სიმპტომები ჰქონდა. ჩარკვიანის განცხადებით, თავიდან ხველება მას არ ჰქონია.
„შემდეგ ხველა ძალიან გამიმწვავდა. გუშინწინ სასწრაფო მყავდა, მაღალი სიცხე არ დამიფიქსირდა, 37.3 მქონდა მაგ დროს. ჩემთან ერთი ძალიან დიდი პრობლემაა, მე მყავს დედა, რომელთანაც ძალიან ხშირი კონტაქტი მაქვს“, – ამბობს ჩარკვიანი.
პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელს თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩარკვიანმა, რამდენიმე საათის წინ, პირად Facebook-გვერდზე დაწერა.
თაკო ჩარკვიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია. 27 ივლისს კი „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელ გიორგი ვაშაძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა ჯამი დღევანდელი მონაცემებით 1917-ია.