ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა და გადაწყვიტა, სწორედ ასეთი გუნდისთვის დაეჭირა მხარი.
„გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს ევროპაში.
ამ ეტაპზე, მოგეხსენებათ, რომ განცხადებები კეთდება [ევროკავშირის მხრიდან] მაგრამ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი გაუგებრობაა და მალე იქნება მოგვარებული. დარწმუნებული ვარ, რომ ვიმსახურებთ ევროპაში ყოფნას, საქართველო არის ევროპის შემადგენელი ნაწილი და ჩემი მთავარი მიზანია, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – ამბობს ტალხაძე.
რუსულ კანონთან დაკავშირებით ტალახაძე აღნიშნავს, რომ „აუცილებელია და არ უნდა იყოს საზოგადოებაში დამალული რამე და უნდა იყოს ყველაფერი საჯარო”.
„გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება, ვთვლი, რომ აუცილებელია და არ უნდა იყოს საზოგადოებაში დამალული რამე და უნდა იყოს ყველაფერი საჯარო. რომ გითხრათ, რომ ჩამოყალიბებული ვარ ყველაფერში, მოგატყუებთ. ჩემი მთავარი მიზანია ახალგაზრდების გვერდში დგომა, რა თქმა უნდა, ჩემი ქართული სპორტის გვერდზე დგომა და ყველა ის ღირსეული ნაბიჯი, რასაც განვახორციელებთ ერთად ჩვენი გუნდი”, – აცხადებს ტალახაძე.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 10 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის მეშვიდე ნომერი ლაშა ტალახაძეა.