თალაკვაძე ადასტურებს, რომ პრემიერის პოსტზე კობახიძე განიხილება

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობი წევრი არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ტოვებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, ის საქმიანობას გააგრძელებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ხოლო გუნდში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე განიხილება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა… ვადასტურებ ამას, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, ჩატარდება უახლოეს დღეებში „ოცების“ ყრილობა, მანამდე ჩატარდება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უკვე პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იქნება შეთავაზებული ყრილობისთვის და ყრილობა გააფორმებს გადაწყვეტილებებს და ამის შემდეგ კანონმდებლობის შესაბამისად პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში, 6 თებერვალს იხსნება სესია და 6 თებერვლის კვირაში მოხდება პრემიერის და განახლებული კაბინეტის დამტკიცება.

მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლი კობახიძეს, პარლამენტში ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის გამორჩეულ ლიდერს, ასევე პარტია „ოცნების“ თავმჯდომარეს, რომელმაც მართლაც უზრუნვეყლო პარტიის გაძლიერება, არაერთ არჩევნებში ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება, ასევე თავად უძღვებოდა და იყო ლიდერი, რომელმაც საკონსტიტუციო რეფორმა გაატარა. ძალიან კომპეტენტური, განათლებული ადამიანია, ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერია, მას აქვს გუნდის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა“, – განაცხადა მან „იმედის“ ეთერში.

ირაკლი ღარიბაშვილმა 5 საათზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გადადგა და „ოცნების“ თავმჯდომარე გახდება.


სამთავრობო ტელეარხ „იმედის” ცნობით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ხდება.

„იმედის” განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, 24 იანვარს გაიმართა.

პარტიის ყრილობა, სადაც ეს ყოველივე ოფიციალურად გაფორმდება, 1-ლ თებერვალს ჩატარდება.