საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის. თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის მიერ 2020 წელს დაგეგმილ საკანანომდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა და ბავშვების დაცვა თამაშდამოკიდებულებისგან.
„ჩვენი პრიორიტეტი იქნება აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ცვლილებები, რომელიც უკეთ დაიცავს ბავშვებს და ახალგაზრდებს აზარტული თამაშების ზეგავლენისგან, შეზღუდავს აზარტულ თამაშებზე დაშვებას ასაკობრივად, ხოლო თამაშდამოკიდებულ პირებსა და მათ ოჯახებს ამ პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წლის სხვა პრიორიტეტებზეც ისაუბრა და გამოყო საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც, მისი თქმით, უფრო სამართლიან წესებს შემოიტანს პოლიტიკური ჯგუფებისთვის.
„განიხილება საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციებს დაეფუძნება. უზურნველყოფს საარჩევნო კამპანიის უფრო სამართლიან წესებს, პარტიების დაფინანსების ახალ სისტემას, თანაბარ წვდომას მედიაზე, პოლიტიკასა და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის მხარდაჭერას, საჩივრების განხილვის ვადების დაზუსტებას, მეორე ტურის გამართვის წესებს და სხვა სიახლეებს“, – თქვა თალაკვაძემ პარლამენტში გამოსვლისას.