თალაკვაძე: დღეს ენმ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასაც ვერ შევძლებდით

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ, უკრაინასთან მიმართებით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.

“ჩვენი ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის მეთაურია და მისი მოვალეობაც გახლავთ, რომ ყველა ზომა მიიღოს ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად.

პრემიერ-მინისტრი ამოდის რეალობიდან ყოველთვის და ის ამბობს პოზიციას, რომელსაც, თქვენ რომ გამოჰკითხოთ დღეს, ყველა მოქალაქე დაგიდასტურებთ და იგივე დაკვეთას მოგცემთ, როგორც ხელისუფლებას, რომ მათ სჭირდებათ უსაფრთხოება და მშვიდობა.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ოპოზიციის დაკვეთაა, რომ საქართველომ უსაფრთხოება დააყენოს დარტყმის ქვეშ და გადადგას ემოციური, არასწორი, ემოციური ნაბიჯები.

„საქართველოს რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. სხვათა შორის ამ ბატონებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც საქართველო დაადანაშაულეს აგვისტოს ომში.

ერთი, მოიყვანეთ ეთერებში და ჰკითხეთ, თვითონ რა ნაბიჯები გადაგეს აგვისტოს ომის შემდეგ, რა სანქციები მიიღეს, საერთოდ რა გადაწყვეტილებები მიიღეს. რატომ მიჰყიდეს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს და რატომ არ ჩაიტანეს საერთაშორისო სასამართლოში ის მტკიცებულებები, რომლითაც თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, საქართველომ მოიგო სარჩელი სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ.

ჩვენ მოგიყვებით, ჩვენ რა გავაკეთეთ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენი უპირველესი ამოცანაა უსაფრთხოების დაცვა. თუ საქართველო არ იქნება სტაბილური ის ვერ შეძლებს ვერავის მხარდაჭერას და ვერავის დახმარებას.

დღეს რომ ნაციონალური მოძრაობა ყოფილიყო ხელისუფლებაში, მერწმუნეთ, ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასაც ვერ შევძლებდით, ქვეყანა მოშლილი იქნებოდა.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.