საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის შესახებ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საშუალებას არავის მისცემენ.
„ყველას უნდა ესმოდეს, ხელისუფლება არ დაუშვებს ინსტიტუციებზე ძალადობრივ შეტევას, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, თავდასხმას პოლიციელებზე და ძალადობრივ შეჭრას პარლამენტში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ახლო წარსულში. ქვეყნის არევის და დესტაბილიზაციის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ, ხელისუფლება აქ ყოველთვის კანონის ზედმიწევნის დაცვით იმოქმედებს, ამიტომ ამ საკითხის გაფორმება, რომ ეს გააკეთა ახალგაზრდამ თუ ადამიანმა, რომელსაც უყვარს როკ-ენ-როლი, მნიშვნელობა არ აქვს, კანონს თუ არღვევს ვინმე, კანონშივეა გათვალისწინებული პასუხი და ამ პასუხს გასცემს ხელისუფლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ~
დღეს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.