თალაკვაძე: იმუქრებოდნენ, რომ ქარიშხალს მოგვიწყობდნენ და სიოც კი არ ქრის დღეს დარბაზში

პუბლიკა

დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენდნენ. კითხვებზე პასუხის შემდეგ ტრიბუნასთან ფრაქციის წევრები გამოვიდნენ.

უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ სხდომათა დარბზაში არ არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რადგან მათ არ აინტერესებთ არც ეკონომიკა, არც განათლება, არც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, არც ევროინტეგრაცია და ახლა უკვე არც იუსტიციის სისტემა.

„სინამდვილეში მათ შეეშინდათ პოლიტიკური დებატების და ზუსტად იმ საკითხზე, სადაც იმუქრებოდნენ, რომ ქარიშხალს მოგვიწყობდნენ, არსად ჩანან და ხედავთ რომ არათუ ქარიშხალი არამედ, სიოც კი არ ქრის აქეთ მიმართულებით დღეს დარბაზში.

პარლამენტში პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი დებატებია და როდესაც დებატებს გაურბიხარ და ემალები, რაღა მთავარ ოპოზიციაზე უნდა გქონდეთ პრეტენზია“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრის საათის დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა საპროტესტო ბანერები გაშალეს, რომელზეც ეწერა „ნუ კლავთ“. ამით მათ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და იუსტიციის სამინისტროს ნაბიჯები გააპროტესტეს.

ოპოზიციონერი დეპუტატების პერფომანსს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. კოლეგებს უმრავლესობის დეპუტატებმა შეძახილებით უპასუხეს, მათ შორის ტრიბუნიდან რეპლიკებს ამბობდა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.