თალაკვაძე: ხელისუფლება განვაგრძობთ ევროკავშირთან მუშაობას, ხალხის მხარდაჭერა მოტივაციას გვაძლევს

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, ევროკომისიის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე, უმნიშვნელოვანესი უწოდა.

მისი თქმით, ევროპული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია და „ეს მიზანი არ და ვერ შეიცვლება ვერანაირ მოცემულობაში. საქართველოს ევროპული არჩევანი ისტორიულია და ის ცალკე არცერთ ოპოზიციურ ლიდერს და არცერთ ადამიანს არ ეკუთვნის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ევროპული იდეა გაცილებით მეტ ადამიანს აერთიანებს და მათ შორის ბევრი გუშინ რუსთაველის გამზირზე იდგა.

„მინდა, გითხრათ მშვიდობიანი მანიფესტანტების ქურქებში გამოწყობილ რადიკალებს – რომლებიც გუშინ უკანა რიგებში იმალებოდით, რომ ხალხს არ დაენახეთ, რადგან კარგად გიცნობენ – ქვეყნის მომავალი და ევროპული იდეა გაცილებით მეტ ადამიანს გვაერთიანებს, მათ შორის ბევრი გუშინ იდგა რუსთაველზე და ასევე ბევრიც იდგა საზღვრებზე და იცავდა ქვეყანას, ბევრი იცავდა წესრიგს და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, როცა რეგიონში ომია ერთიანობისა და მშვიდობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

„ყველა პარტიამ თავის ისტორიას გადახედოს, ვინ რა გააკეთა ევროპული ამ ქვეყანაში. ევროპა ადამიანის უფლებების პატივისცემაა, ევროპა არის ჯანდაცვა და განათლება, ევროპა სიტყვის თავისუფლება და მრავალფეროვანი მედიაა. ევროპა არის კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლების დაცვა და ბიზნესის თავისუფლება. ევროპა პოლიტიკური პლურალიზმი და წარმომადგენლობითი პარლამენტია, ევროპა არჩევნების შედეგების პატივისცემაა და არა ბოიკოტი. ევროპა უნარია, რომ რაღაც ახლის ასაშენებლად არ დაანგრიო რაიმე უფრო მნიშვნელოვანი. ევროპა სტაბილურობა და უსაფრთხოებაა.

როცა რეგიონში ომია და დიდი გამოწვევების წინაშე ვართ, მშვიდობა და ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად. ხელისუფლება განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და სწრაფვას საერთო ევროპული ოჯახისკენ. საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა ამ მიმართულებით დიდ მოტივაციას გვაძლევს. ამ რთულ მომენტში წარმატებებს ვუსურვებთ მეგობარ უკრაინასა და მოლდოვას, შევხვდებით ევროპაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.