თალაკვაძე: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში ქალბატონ მინისტრს სრულ ნდობას ვუცხადებთ

პუბლიკა

„ანგარიშს ჯერ არ გავცნობივარ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან, საქართველოს მთავრობას, სამინისტროსა და ქალბატონ მინისტრს აქვს სრული მხარდაჭერა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში”, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას  საქართველოს პარლამენტის წევრმა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაციაზე ამერიკელი ექსპერტების მომზადებული კრიტიკული დასკვნის შესახებ დაისვა.

  • „სტუდია მონიტორმა“ გელათის ტაძარში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ახალი ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. ფილმი შეეხება უცხოელი ექსპერტების მომზადებულ დასკვნას, რომელშიც გაკრიტიკებული გელათის ეკლესიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.საუბარია 2022 წლის მაისში საპატრიარქოს მოწვევით ჩამოსულ 4 სპეციალისტზე, რომელთა ვიზიტის მთავარი მიზანი გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაციასთან დაკავშირებული სამუშაოების გაცნობა და რეკომენდაციების მომზადება იყო.
  • ანგარიშის მიხედვით, გელათის კედლის მხატვრობა არსებული ტენიანობისა და ხსნადი მარილების გამო, სერიოზული დაზიანებისა და დაკარგვის პროცესშია.
  • „სტუდია მონიტორის“ ინფორმაციით, ექსპერტები შემაშფოთებელს უწოდებენ გელათის სრულ გამოშრობამდე კედლის მხატვრობაში ჩარევას, რომელსაც წულუკიანის მიერ შერჩეული იტალიელ და ქართველ რესტავრატორთა ჯგუფი 2021 წლის ივნისიდან მიმართავდა.
  • 24 ნოემბერს, 19:00 საათზე,შოთა რუსთაველის ძეგლთან (მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე), მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირი გამართავს აქციას – გელათის გადასარჩენად.