უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია ცდილობს, როგორმე გადაფაროს საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ძვრები.
„საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენი ოპონენტები ბოდიშის მოხდას გვთხოვენ ეკონომიკური ზრდის გამო“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე მეტყველებს მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები და მათი მონაცემები. კერძოდ, როდესაც სავალუტო ფონდის მონაცემებით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7 500 დოლარია და მომავალ წელს უკვე იმ ნიშნულს მიაღწევს, რომ 2027 წელს 10 ათას დოლარს გასცდება.
„შეგახსენებთ იმ დროსაც, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გახლდათ პრემიერ-მინისტრი და ის აკეთებდა ამ პროგნოზებს, როგორ ირონიულ შეფასებებს მიმართავდით და როგორ აკრიტიკებდით მას ამ განცხადებების გამო, მაგრამ გავიდა შვიდი წელი და აღმოჩნდა, რომ ეს პროგნოზები რეალური ყოფილა. ცდილობთ, რომ ეს ეკონომიკური ზრდა რეგიონში არსებულ ვითარებასთან დააკავშიროთ, სინამდვილეში 2021 წელსაც, ომის დაწყებამდეც ჰქონდა საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10,5%, წელსაც გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
მინდა, გითხრათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 102%-ით არის გაზრდილი და თითქმის მილიარდ დოლარს შეადგენს, და ამ მონაცემებში რუსეთიდან შემოსული მაჩვენებელი ინვესტიციების არის უარყოფითი, ანუ მინუსია.
აქაც იტყუებით, როდესაც აკავშირებთ რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორებთან თუნდაც ტურიზმის ზრდას. აქაც გეტყვით, რომ რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების გარეშეც 101,1%-ია ტურიზმის აღდგენის დონე საქართველოში. შესაბამისად, სავალუტო ფონდის პროგნოზია, რომ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, მსოფლიო ბანკის პროგნოზი კი 8,8 პროცენტია. აი, ამას გაეცით პასუხი. რა პასუხი უნდა გასცეთ, ისიც გაუგებარია, იმიტომ რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ეკონომიურ ზრდა აბრაზებს არის განწირული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.