თალაკვაძე: სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა მივიდა იქამდე რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს

პუბლიკა

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, აშშ-ის გადაწყვეტილება, ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ, „რუსთავი 2“-ის ეთერში შეაფასა.

მის ითქმით, სასამართლო სისტემა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში გაუმჯობესდა და ამას მთელი რიგი ფაქტები ადასტურებს. „დღევანდელი სასამართლო ბევრად თავისუფალია და ჩვენმა ხელისუფლებამ გააუმჯობესა სასამართლოს დამოუკიდებლობა”

„სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს. საქართველოს და აშშ-ს ვგულისხმობ. მეორე, თქვენ იცით, რომ სასამართლო, ისევე როგორც სხვა დემოკრატიული ინსტიტუტები ფასდება ობიექტური კრიტერიუმებით.

დღეს დაასანქცირეს 4 მოსამართლე. ამ ოთხიდან ერთი, ცერცვაძე, დიდი ხანია აღარ მუშაობს სასამართლოში. დანარჩენი სამი, იერარქიულად სხვადასხვა პოზიციებზე არიან. ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები როცა სასამართლოსთან დავობენ თანაბრად იგებენ საქმეებს.“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა და მმართველი პარტია ამ საკითხს სერიოზულად მოეკიდება.

„თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები ამას საზოგადოებას გავაგებინებთ და ავუხსნით. არ არის სამართლიანი ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება და მეტიც, კატეგორიულად მიუღებელია. როცა ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი სტრატეგიული პარტნიორობაა, ასეთი ინსტრუმენტის გამოყენება არ არის სამართლიანი” – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როცა ის სამართლიანია.

„სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როცა ის სამართლიანია. თუ თქვენ უსამართლოდ გიწესებენ სანქციას ის არავითარ შემთხვევაში მორალურად არ გასუსტებთ.“ – განაცხადა თალაკვაძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოსამართლეს: ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.