თალაკვაძემ მიმართა ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, მხარი დაუჭირონ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნას

პუბლიკა

არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტებს მიმართავს, მხარი დაუჭირონ საპარლამენტო არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობას.

„მსურს, კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობის მხარდაჭერა. დაგეგმილ არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ჩართულობა იქნებოდა საქართველოსადმი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობების ხაზგასმა და ევროპული ინტეგრაციის და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე საქართველოს წახალისება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

არჩილ თალაკვაძე დევიდ სასოლისა და რიკ დაემსისადმი გაგზავნილ მიმართვაში საქართველოს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიაზე საუბრობს და ხაზს უსვამს საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსში გაიწერა სპეციალური პრევენციული მექანიზმები იმ მიზნით, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეძლონ საარჩევნო მონიტორინგის უსაფრთხოდ განხორციელება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსურს, კიდევ ერთხელ გთხოვოთ საქართველოს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობის მხარდაჭერა. დაგეგმილ არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის ჩართულობა იქნებოდა საქართველოსადმი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა, ევროკავშირ-საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი პარტნიორული ურთიერთობების ხაზგასმა და ევროპული ინტეგრაციის და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე საქართველოს წახალისება“,- ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მიმართვაში.