თალაკვაძის თქმით, პარლამენტი „მაღალი ალბათობით“ მელიას იმუნიტეტს შეუჩერებს

პუბლიკა

„ნიკა მელია ამით რას აცხადებს? რომ ის არის მოქალაქეებზე უფრო მაღალი მოქალაქე და კანონი არ ეხება? კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ვინმეს პატიმრობა თუ გათავისუფლება პოლიტიკურ განზომილებაში მისაღები გადაწყვეტილება არ არის და ეს მართლმსაჯულების საქმეა.

„რაც შეეხება კონკრეტულად ნიკა მელიას შემთხვევას, გვახსოვს მსგავსი განცხადებები ადრეც, მისი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან,  როგორსაც ახლა აკეთებს ნიკა მელია,  რომ პრეზიდენტს არ აღიარებენ და არ ცნობენ.  მერე მათი წერილებიც გვახსოვს, პრეზიდენტს რომ მიმართეს შეწყალების მოთხოვნით“, – აღნიშნა მან.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს პარლამენტმა მელიაზე ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება – ნიკა მელიას გაუუქმა მანდატი და როდესაც ასეთი დასაბუთებული მომართვა არსებობს, პარლამენტი, მაღალი ალბათობით, მიიღებს იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას.

„შესაბამისად, თუ ნიკა მელიას აქვს იმის იმედი, რომ ამჯერად გამოვა ქუჩაში,  გააკეთებს განცხადებებს, რომ სახელმწიფო არ არსებობს, კანონს პატივს არ სცემს, ვერავინ ვერ გაასამართლებს და კანონზე მაღლა დგას, გირაოს არ გადაიხდის… და ამ დროს, გვერდით, მისი თანამოქალაქეები, როცა არღვევენ კანონს, იხდიან გირაოსაც და მსჯავრსაც – გარწმუნებთ, კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა“. – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 


„არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ 5 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პროკურატურაში დაიბარეს.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კიბახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და, ე.წ. ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მონაწილეობა მივიღო ამ სიყალბეში“, – განაცხადა მელიამ.