„თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობის წევრთა დასახელება დაიწყო, რომელთა შორის აშშ-ის მიერ ძებნილი პირიცაა

პუბლიკა

ისლამისტურმა ორგანიზაცია „თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობის დაკომპლექტება დაიწყო. ავღანეთის ახალ მთავრობაში წამყვან პოსტებს ორგანიზაციის ლიდერები დაიკავებენ, მათ შორის არიან ყოფილი პატიმრები, „თალიბანის“ დამფუძნებელთან დაახლოებული პირი პრემიერის სავარძელს ჩაიბარებს, აშშ-ის მიერ ძებნილად გამოცხადებული მებრძოლი კი – შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს.

მას შემდეგ, რაც ავღანეთის ხელისუფლებამ ქვეყანა დატოვა და 15 აგვისტოს თალიბანი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდა, ქვეყნის მართვა „თალიბანმა“ გადაიბარა. ორგანიზაციამ, რომელიც ხელისუფლებაში 1996-2001 წლებში იყო და ის პერიოდი ავღანეთისთვის შარიათის კანონების ექსტრემისტულ ინტერპრეტაციასთან, ქუჩებში მოწყობილ სასამართლოებთან, სისხლიან შურისძიებებსა და ქალების დევნასა და შევიწროებასთან ასოცირდება.

თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ მსოფლიოს ბევრი ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერმა მოუწოდა ორგანიზაციას, მეტად სცეს პატივი საერთაშორისო სამართალს და დაიცვას ადამიანის უფლებები.

„თალიბანის“ სულიერმა ლიდერმა ჰაიბათულა ახუნდზადამ ქაბულის აღების შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ „თალიბანი“ ერთგული იქნება ყველა იმ საერთაშორისო კანონის, ხელშეკრულებისა და ვალდებულების, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ისლამურ კანონს.

„თალიბანის“ ლიდერები აცხადებდნენ იმასაც, რომ არ დაიწყება შურისძიება მათდამი მტრულად განწყობილი ადამიანების მიმართ და ქალებს შეეძლებათ მეტად ჩაერთონ საჯარო ცხოვრებაში.

თუმცა, თალიბანის მიერ ახალი მთავრობის დასახელების შემდეგ დასავლეთში გამოითქვა შეშფოთება, რომ ორგანიზაციამ შესაძლოა ძველებური მეთოდებით განაგრძოს მართვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია, რადგან მინისტრთა კაბინეტში არცერთი ქალი არ დასახელებულა და აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს ავღანეთში მიმდინარე პროცესებს.

ვინ არიან ავღანეთის ახალ მთავრობაში?

ავღანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ორგანიზაციის დამფუძნებელთან მოლა ომართან დაახლოებული პირი მოლა ჰასან ახუნდი შეასრულებს. როგორც Reuters წერს, ახუნდი დიდი ხანია „თალიბანის“ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ლიდერია, ხოლო „თალიბანის“ წინა მმართველობის დროს ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრის მოადგილე იყო.

ჰასან ახუნდი, როგორც მაშინდელი მთავრობის წევრთა უმეტესობა, გაეროს მიერ სანქცირებულთა სიაშია.

ავღანეთის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კი სირაჯუდინ ჰაქანი იქნება, თალიბანის რადიკალური განშტოების „ჰაქანის ქსელის“ დამფუძნებლის შვილი. „ჰაქანის ქსელი“ ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, თავად ჰაქანს კი FBI ეძებს „ალ ქაიდასთან“ კავშირისა და არაერთი ტერორისტული თავდასხმის ორგანიზების მიზეზით.

Reuters წერს, რომ მოულოდნელი იყო წამყვანი თანამდებობებიდან მოლა აბდულ ღანი ბარადარის ჩამოცილება. ბარადარი ახალი პრემიერ-მინისტრის მოადგილე იქნება, თუმცა დასაწყისში მისგან მთავრობის ხელმძღვანელობასაც მოელოდნენ. სწორედ აბდულ ღანი ბარადარი იყო დოჰაში ამერიკელებთან მოლაპარაკების ხელმძღვანელი. ის 2010 წელს პაკისტანში დააპატიმრეს და ციხეში 2018 წლამდე იყო, გამოსვლის შემდეგ კი მოლაპარაკებების წარმოების საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა.

აბდულ ღანის „ბარადარი“ ანუ „ძმა“ თავად „თალიბანის“ ლიდერმა, მოლა ომარმა შეარქვა, ის წლების განმავლობაში ამერიკელების წინააღმდეგ იბრძოდა და ორგანიზაციის სახე იყო. თუმცა, აბდულ ღანი ბარადარი ჰაქანისგან განსხვავებით თალიბანის ზომიერ ნაწილში მოიაზრებოდა.

ავღანეთის ახალ ხელისუფლებაში იქნება წარმოდგენილი მოლა ომარის შვილიც. მოლა მოჰამედ იაყუბი თავდაცვის მინისტრის მოვალეობას შეასრულებს.

ავღანეთის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი ამირ ხან მუთაქი იქნება. ის „თალიბანის“ პირველი მმართველობის დროს კულტურისა და განათლების მინისტრების პოსტებს იკავებდა, შემდეგ კი მონაწილეობდა „თალიბანის“ მიერ წარმოებული მოლაპარაკებების პროცესში. მიჩნეულია, რომ მუთაქი არც სულიერი ლიდერია და არც სამხედრო მეთაური, ის უფრო მეტად ზომიერი პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„თალიბანის“ პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის თქმით, მთავრობის ნაწილი დასაკომპლექტებელია და „თალიბანი“ ჯერ კიდევ შესაბამისი ცოდნის მქონე ხალხს არჩევს. თავად მუჯაჰიდი ინფორმაციის მინისტრის მოადგილის მოვალეობას შეასრულებს.

ქაბულში კი თავიანთი უფლებების დასაცავად ქალებმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს. „თალიბანის“ მებრძოლებმა აქციის შეზღუდვა და დაშლა სცადეს, მათ შორის, ცეცხლსასროლი იარაღის ჰაერში სროლით.

ქაბულიდან ჩრდილოეთით პანჯშირის ხეობაში კი წინააღმდეგობა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ „თალიბანმა“ ხეობის ძირითადი ნაწილის დაკავება შეძლო, წინააღმდეგობის ლიდერი აჰმად მასუდი არ ნებდება, ის თანამებრძოლებთან ერთად პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა და მოუწოდებს ქვეყნის მოსახლეობას, წინააღმდეგობა გაუწიონ „თალიბანს“.

თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ პსაკის თქმით კი, ამერიკა ავღანეთის ახალი ხელისუფლების აღიარებას არ იჩქარებს. ვაშინგტონის ინფორმაციით, თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების პარალელურად 500 000-მდე ადამიანს თავისი საცხოვრებლის იძულებით დატოვება მოუხდა.