თალიბანმა ქალებს სხვა ქალების ხმის მოსმენა აუკრძალა

პუბლიკა

ავღანეთში თალიბანმა ქალებს მორიგი შეზღუდვა დაუწესა და სხვა ქალების ხმის მოსმენა აუკრძალა. ახალი შეზღუდვის შესახებ გამოაცხადა ქვეყნის მინისტრმა, ხალიდ ჰანაფიმ.

„მაშინაც კი, როცა ქალი ლოცულობს, მისი ლოცვის ხმა არ უნდა ესმოდეს გვერდით ჩამვლელ სხვა ქალს”, – თქვა მან.

გამოცემა The Telegraph-ის ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ თალიბანმა ასევე აკრძალა ადამიანების ტელევიზორში გამოჩენა, მისი განცხადება პირდაპირი ეთერის ნაცვლად ხმის ჩანაწერით გადაიცა.

თალიბები ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წლის აგვისტოს დასაწყისში მოვიდნენ და ჩამოაყალიბეს მმართველობა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არალეგიტიმურად მიიჩნევს. თალიბების მოძრაობა ბევრ ქვეყანაში აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად.

თალიბანის მთავრობამ არაერთი შეზღუდვა დაუწესა ქალებს, მათ შორის აუკრძალა განათლება მე-6 კლასის შემდეგ, ასევე – დასაქმება არაერთ ადგილას და შეზღუდა მათი წვდომა საჯარო სივრცეებში – პარკებში, სალონებსა და სპორტდარბაზებში. ამასთან, ქალებს ეკრძალებათ შორ მანძილზე გადაადგილება თანმხლები კაცის გარეშე და სახლის დატოვება დაფარული სამოსის გარეშე.