ბაჩალიაშვილის დედა გამოძიებაში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქციას გეგმავს

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მისი შვილის საქმეში FBI-ის ექსპერტების ჩართვას მოითხოვს და ამ მოთხოვნით 4 აგვისტოს 12:00 საათზე აშშ-ის საელჩოს წინ აქციის გამართვას აპირებს.

„ამდენი ხანია, 17 დღეა არაფერი ვიცი ჩემი შვილის შესახებ. ამიტომ მე იძულებული ვარ მოვითხოვო FBI-ს ჩართვა ამ საკითხში. ამის გამო, ხვალ 12 საათზე ვგეგმავ ფართომასშტაბიან აქციას ამერიკის საელჩოს წინ. მთელ საქართველოს მივმართავ, ვინც მწერდა და მისამძიმრებდა,  მთხოვდა, თუკი რამით შეგვიძლია დახმარებაო, აი, დადგა ის მომენტი, როცა თქვენ შეგიძლიათ ჩემი შვილის დახმარება. რაც მეტი ადამიანი ვიქნებით, ქუდზე კაცი თუ გამოვა და დამიდგებით გვერდში, მსოფლიოს გავაგებინებთ, რომ ჩემი შვილი მოკლეს და თავი არ მოუკლავს.

მივმართავ მთელ საქართველოს, შვილმკვდარ დედებს და მათაც, ვისაც შვილები კარგად გყავთ და გინდათ რომ კარგად გყავდეთ, გევედრებით, გეჩოქებით, გეხვეწევებით, დამიდექით გვერდში. მივმართოთ, რომ FBI იყოს ჩართული. თუკი პროკურატურა მათ ჩართვაზე იტყვის უარს, მაშინ პროკურატურა თავს გაყიდის. რადგან თვითონ ვერ იძიებენ, FBI-ის ჩართვაზეც თუ უარს იტყვიან, ესე იგი, მათი ხელიც ურევია ამ საქმეში“, – თქვა თეონა თამაზაშვილმა გადაცემაში „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა“.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. ის პოლიციამ დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში თავისივე მანქანაში გარდაცვლილი იპოვა. პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ამის შემდეგ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაუმატა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ ის თავს არ მოიკლავდა და თამარ ბაჩალიაშვილი, სავარაუდოდ, მოკლულია.