„Tamada" თსუ-ის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ კონცერტს აუქმებს

პუბლიკა

პროექტმა „Tamada-მ“, სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად, თსუ-ის თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გააუქმა, – ამის შესახებ facebook-ზე მუსიკოსი ლაშა ჩხაპელია წერს.

როგორც ის facebook-პოსტში აღნიშნავს, ამის შემდეგ მუქარისშემცველ მესიჯებს იღებს.

„მოკლედ, ესეთი ამბავია. ყველანაირად ვეცადე არ ავყოლიდი. ვინ გონიათ თავი მე არ ვიცი. მარა ესენი სულ ესეთი დებილები იყვნენ.

დღეს დავაქენსელე თესეუს თვითმმართველობის ივენთი, მხარი დავუჭირე სტუდენტების სამართლიან ბრძოლას.

ხოდა ეს კვერცხები ესეთ რაღაცებს მწერენ ?

სპეციალურად არ ვფარავ სახელს, არანაირი ემოციური კავშირი არ გამაჩნია ლევან ხვედელიანთან.

იძულებული გამხადა დამედო,

ეს ღია მუქარაა და წელი მტკივა“, – წერს ლაშა ჩხაპელია.

თსუ-ის თვითმმართველობის ორგანიზებით კონცერტი 8 მაისს იყო დაგეგმილი.

„Tamada-მ“ დღეს სტუდენტების მხარდამჭერი განცხადებაც გამოაქვეყნა facebook-გვერდზე:

„უნივერსიტეტში მთავარი არის სტუდენტი!

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც უნივერსიტეტი იღებს, სტუდენტის საუკეთესო ინტერესებით უნდა იყოს ნაკარნახევი. იმ პირობებში, როცა უამრავი სტუდენტი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა თსუს გადაწყვეტილების გამო, შეუძლებელი მგონია მათი თვითმმართველობის კონცერტზე დაკვრა, რომელიც 8 მაისს უნდა გაიმართოს, თამადის თაოსნობით.

დაკავებულობის გამო, სამწუხაროდ, ახლა გავიგე ამ ვითარების შესახებ
და ჩემი სრული მხარდაჭერა სტუდენტებს ამ სამართლიან ბრძოლაში!”, – წერია განცხადებაში.


თსუ-ში 2 მაისიდან (ანუ დარჩენილი ნახევარი სემესტრი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიაში გადავიდა.

სტუდენტები მოითხოვენ, რომ დარჩენილ პერიოდშიც იყოს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, დისტანციურად ისწავლონ, ვინაიდან აუდიტორიაში დაბრუნება ბევრისთვის უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ ბარიერთანაა დაკავშირებული, რომლის მოგვარებაც სტუდენტებისთვის მიცემულ პერიოდში ვერ მოხდება.

მათი თქმით, რეგიონში მცხოვრები სტუდენტები 2 თვის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, აწყდებიან ბევრ ბარიერს გაძვირებული ქირის გამო. სტუდენტები დღის წესრიგში ასევე აყენებენ უნივერსიტეტში საბინაო პოლიტიკის მოგვარების საკითხსაც.

უნივერსიტეტის განცხადებით, კი სრული სააუდიტორიო სწავლება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა, რადგან, მათი თქმით, ვერანაირი სხვა ფორმატი – ვერც სრულად დისტანციური და ვერც ჰიბრიდული – ვერ იძლევა სწავლა-სწავლების საჭირო ხარისხს.