გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. საქმეს დაემატა ახალი მუხლიც. როგორც ჟურნალისტებთან ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ამის შემდეგ მას უკვე ექნება საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. თუმცა გამოძიებას ახალი მუხლი დაემატა – სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს 4-დღიანი ძებნის შემდეგ, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, მანქანა, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, ტყეში იდგა, სამანქანო გზიდან რამდენიმე მეტრში. მანქანა მწყემსმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეზე ოფიციალური განცხადება გუშინ გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ თამარ ბაჩალიაშვილს თავდაპირველი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.