იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „რადიო პალიტრის“ ეთერში განაცხადა, რომ მას ხშირად ურეკავდა პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და მისგან გაჩუმებას მოითხოვდა. ის ამბობს, რომ ეს ადვილი არ არის და პირველად ჰყვება ამის შესახებ.
„რეალურად აწუხებდა ჩუგოშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემი ყოფნა. ის ხშირად მირეკავდა. პირველად ვამბობ და აუცილებელია, რომ ამ ყველაფერს ნათელი მოეფინოს. ჩუგოშვილისგან ჩემთან ძალიან ბევრჯერ იყო ზარი და ჩემგან გაჩუმებას მოითხოვდა უბრალოდ, როდესაც მე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რაღაც საკითხებს ვაყენებდი. არ მინდოდა ამაზე საუბარი, ფაქტობრივად, განმარტება მიწევს.
მე ვხვდებოდი, რომ თამუნას აწუხებდა ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიყავი ერთ-ერთი აქტიური წევრი. კი იყო ის ადამიანი, რომელმაც მხარი დამიჭირა და არა მხოლოდ მან, ასეთი სხვებიც არიან, ვიცნობდი თალაკვაძეს, ხულორდავას და სხვებს, ბევრმა დამიჭირა მხარი მაშინ. დასაყვედრებელი არაფერი მაქვს, მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები და ამაში ბევრი შემედაროს. გამიხარდება, თუ შემედრებიან, თუნდაც ჩუგოშვილები და სხვები. ხშირად იყო ეს შემთხვევები, როდესაც უთქვამს, რომ რაღაცებზე მე უნდა გავჩუმებულიყავი. ისიც უთქვამს, რომ ვიღაცებს ზევით და პარტიაში არ მოსწონდათ ჩემი აქტიურობა. ისიც უთქვამს, ჩემი მხრიდან რომ სირცხვილი იყო იმ ადამიანების წინააღმდეგ გამოსვლა ვინც მე ამირჩია. ეს იყო თამუნას მორალი და მოსაზრება“, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
თამარ ჩუგოშვილმა თანამდებობა და უმრავლსეობა 2019 წლის 14 ნოემბერს დატოვა.
დღეს ანა დოლიძემ ნაზი ჯანეზაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნაზი ჯანეზაშვილს „ქართული ოცნების“ მიმართ გარკვეული ვალდებულებები აქვს, რადგან უმრავლსეობამ აირჩია ის საბჭოს წევრად.
ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძემ ერთი მაგალითი მაინც გაახსენოს, როდესაც „ოცნებასთან“ დააკავშირა რამე განცხადებით.
„მე პარლამენტმა ამირჩია, ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე. მხარი დამიჭირა როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ასევე „ევროპულმა საქართველომ.” ეს იყო ძლაიან დიდი პატივი და ნდობა. მაგრამ მე არასოდეს უკან არ დამიხევია და მომრიდებია პოლემიკის და ანა დოლიძემ ერთი მაგალითი მაინც გამახსენოს, როდესაც ვინმესთან კომპრომისზე წავსულვარ, “- ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი „რადიო პალიტრასთან“.
15 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ანა დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დაფუძნებამ საზოგადოების ნაწილში მოლოდინი გააჩინა მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან.
16 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა ნაზი ჯანეზაშვილიც, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა, რომ ანა დოლიძის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები.