„თამარ ჟვანია ავტომატურად წავა" | რას აცხადებენ სამუშაო შეხვედრის მონაწილეები

პუბლიკა

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ერთმანეთს, ჯერჯერობით, მხოლოდ აზრები გაუზიარეს.

მედია განსაკუთრებით დაინტერესდა, ცვლილება შეეხება თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელსაც, ანუ დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას ცესკოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას.

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ჟვანია გადადგეს-არ გადადგეს, მაგაზე არ ყოფილა ლაპარაკი.“

„რაც შეეხება ჟვანიას, იქ არის ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახლებურ პრინციპებზე საუბარი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამას მივიღებთ, თამარ ჟვანია ავტომატურად ვეღარ იქნება კომისიის თავმჯდომარე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ჟურნალისტებმა ელისაშვილს შეახსენეს, რომ თამარ ჟვანიას 2023 წლამდე აქვს უფლებამოსილების ვადა. ისინი დაინტერესდნენ, როგორ შეიცვლება ვადაზე ადრე ჟვანია.

ელისაშვილის თქმით, იქნება ახალი კანონი, რომელიც განსაზღვრავს ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის წესს.

„ბუნებრივია, ის ახალი კანონი რომ იქნება, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლებიან, ახალი თავმჯდომარე უნდა იყოს“, – თქვა ელისაშვილმა.

მისი მტკიცებით, თვითმმართველობის არჩევნებს ცესკო ჟვანიას თავმჯდომარეობით არ ჩაატარებს.

„თამარ ჟვანიას განცხადებამდე ნუ დაიყვანთ იმ ძალიან დიდ და კეთილშობილურ საქმეს, რაც აქ მიმდინარეობს. წავა-თქო ავტომატურად. ახალ კანონს მივიღებთ. ახალი ცესკოს თავმჯდომარე ახლებურად უნდა შევარჩიოთ“, – თქვა მან.

კონკრეტულად რა ცვლილება გაიწერება კანონში, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ამჟამინდელი თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას გულისხმობს, არ უთქვამს არც ლევან იოსელიანს. „მოქალაქეების“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ განსხვავებული წესით მოხდება ცესკოს დაკომპლექტება-არჩევა, სადაც ჟვანია ვერ იქნება.

„ეს ცვლილებები გულისხმობს, რომ ადმინისტრაცია ცესკოში დაკომპლექტდება განსხვავებული წესით, რაც თავისთავად გულისხმობს თამარ ჟვანიას აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას.

ეს რეფორმა ამას გულისხმობს, რომ სხვა წესით უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა და მგონი, ყველა ვხვდებით, რომ ახალად არჩეული თავმჯდომარე თამარ ჟვანია ვერ იქნება“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ახალი შეთანხმება გულისხმობს, რომ ჟვანია თვითმმართველობის არჩევნების დროს აღარ იქნება ცესკოს თავმჯდომარე, რადგან მემორანდუმში ერთი-ერთი საკითხი ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილებას და დაკომპლექტების ახალი წესს გულისხმობს, რაც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანია არის გარკვეული ვადით არჩეული, ამიტომ კონკრეტული პიროვნებები მემორანდუმის განხილვის საკითხი არ არის.

„მთავარი მოთხოვნა არ შეიძლება, იყოს პიროვნებები. მთავარი მოთხოვნა შეეხება პროცედურებსა და სისტემებს, ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ამაზე იყო კონცენტრირებული მოლაპარაკების პროცესი და სწორედ ამიტომაც პიროვნებები და პიროვნული საკითხები, პერსონალიები არ არის მემორანდუმის ნაწილი. რაც შეეხება დაკომპლექტების წესს, იცით, მემორანდუმი ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს იმ კუთხით, რომ მოხდეს სრულად პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ცესკოს თავმჯდომარის წესის ცვლილება ნიშნავს თუ არა იმას, რომ რაიმე ფორმით (მაგ. პირადი განცხადებით) ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე თანამდებობას დატოვებს.

პაპუაშვილს თქმით, ჯერ უნდა შეთანხმდნენ წესზე, ხოლო პერსონალიები ვერ იქნება საკანონმდებლო შეთანხმების ნაწილი. პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ თამარ ჟვანია გარკვეული ვადით არის დანიშნული ცესკოს თავმჯდომარედ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე, რომელმაც განაცხადა, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებზე ან ცესკოს ამჟამინდელი შემადგენლობის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე. მან ისაუბრა მექანიზმზე, რომლითაც, მისი აზრით, სამართლიანი იქნება ცესკოს დაკომპლექტება.

„როდესაც ვამბობ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტდეს პროფესიულად, ეს ნიშნავს არა მარტო იმას, რომ პარტიული წევრები არ უნდა იყვნენ, ხმის უფლებით ყოველ შემთხვევაში, არამედ ნიშნავს იმასაც, რომ ორპარტიული მხარდაჭერით, ორმხრივი მხარდაჭერით უნდა დაინიშნონ.

ახალ წევრებს უნდა ჰქონდეს როგორც უმრავლესობის, ასევე პოზიციის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ნდობა ამაღლდეს. მოქმედ წევრებს მოგეხსენებათ, რომ არ აქვთ ასეთი მხარდაჭერა. ამიტომ აქ შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმი, რომელზეც ასევე არ გვიმსჯელია, მაგრამ მე ჩემს სავარაუდო სცენარს მოგახსენებთ:

ყველა მოქმედმა წევრმა უნდა გაიაროს ეს ახალი პროცედურა. თუ ამ ახალი პროცედურით ისინი შეძლებენ უმრავლესობისა და ოპოზიციის ნდობის მოპოვებას ან, ვინც შეძლებს – ისინი შეინარჩუნებენ პოზიციას, ვინც ვერ შეძლებს, იმათ ადგილზე გამოცხადდება ხელახალი კონკურსი. თუ ვერც ერთი ვერ შეძლებს, ყველას ხელახლა დააკომპლექტებს პარლამენტი. ჩემი აზრით, ეს იქნება სამართლიანი პროცედურა…

რაც შეეხება თავმჯდომარეს, ის არის კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე და ცხადია, დამოუკიდებლად ვერ მიიღებს არსებით გადაწყვეტილებას და დამოუკიდებლადაც ვერ იქნება პასუხისმგებელი კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილებაზე. ასე რომ, რაც შეეხება კოლეგიურ ორგანოს, ის შეეხება მის კონკრეტულ წევრებსაც. არ აქვს მნიშვნელობა, თავმჯდომარეა, თუ რიგითი წევრი“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.