თამარ ჟვანია უზბეკეთში „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ დირექტორად დაინიშნა

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) დირექტორად დაინიშნა.

თამარ ჟვანიას ახალი თანამდებობის შესახებ ინფორმაცია IFES-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 13 ოქტომბერს განთავსდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს არჩევნებზე მუშაობის 21-წლიანი გამოცდილება აქვს.


თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას თითქმის 8 წლის განმავლობაში იკავებდა. ის 30 ივნისს გადადგა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნავდა თამარ ჟვანია 30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა 9 დღით ადრე, 21 ივნისს აცხადებდა, რომ გადადგომას არ აპირებდა.

პარტიებისა და მოქალაქეების ნაწილი თამარ ჟვანიას გადადგომას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოითხოვდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ჟვანია „ქართული ოცნების“ დაკვეთას ასრულებდა.