„გაყალბების ბიურო“, „ჟვანია ციხეში“, „თამარ, 2×2=4“ – ასეთი წარწერები გააკეთეს აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სათავო ოფისთან, რკინის ღობეზე.
ცესკოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არჩევნების გაყალბებაში მთავარი როლი ითამაშა თამარ ჟვანიამ, მან გადაწერა ოქმები და მას ეკისრება პასუხისმგებლობა დისბალანსსა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე.
„თუ ჩვენ ხელახალ არჩევნებს ვითხოვთ, შეუძლებელია, თამარ ჟვანიას ადმინისტრაციის პირობებში ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები. აუცილებელია, ჟვანია გადადგეს და ჩატარდეს ახალი არჩევნები. ქვეყანაში თუ რამე შეიძლება, პრობლემა იყოს, ესაა არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც არ გამოხატავს ქართველი ერის პოლიტიკურ ნებას. ისეთი ხელისუფლება უნდა გვყავდეს, რომელიც გამოხატავს პოლიტიკურ ნებას და ისეთი ცესკო უნდა იყოს, რომელიც არ პარავს ქართველ ხალხს არჩევანს“, – განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით ცესკოსთან აქცია გუშინაც გაიმართა. ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა რესპუბლიკის მოედნიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობამდე მანქანებით მსვლელობა გამართეს.
საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებსაც, ცესკოს პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო მანდატი ეკუთვნით.
დღეს კი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა [არამხოლოდ მათ, ვისაც მანდატი ეკუთვნის] მემორანდუმის ტექსტს მოაწერეს ხელი და ოფიციალურად გააფორმეს თავიანთი პოზიცია, რომ არ ცნობენ არჩევნების ლეგიტიმაციას და თმობენ აღებულ მანდატებს.