თამარ გაბუნიამ ამირან გამყრელიძის შესაძლო გათავისუფლებაზე შეკითხვას უპასუხა

პუბლიკა

„ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ბატონ ამირანთან მიმართებაში“, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოდგილე, თამარ გაბუნია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ბატონი ამირანი ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს. აქტიურად არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ დღეს დილით გვქონდა შეხვედრა ბ-ნ პრემიერთან, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავგეგეგმა და გაგვევლო ყველა შესაძლო მექანიზმი ვაქცინების ქვეყანაში შემოტანის და ვაქცინაციის პროგრამის აქსელერაციისთვის და, რა თქმა უნდა, მე ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ბატონ ამირანთან მიმართებაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჟურნალისტის კიდევ ერთ შეკითხვაზე, არის თუ არა დაპირისპირება ამირან გამყრელიძესა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პასუხობს:

„ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი, კონსტრუქციული ურთიერთობა. ვერანაირ დაპირისპირებაზე ინფორმაციას მე ვერ დავადასტურებ“, – აღნიშნა გაბუნიამ.


„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება.

„პუბლიკა“ ინფორმაციის, გადასამოწმებლად ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა. კითხვაზე – რას უპასუხებს მისი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას? – გვიპასუხა, რომ ის მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში“ –  მოგვწერა ამირან გამყრელიძემ.