თამარ გაბუნიამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ადმინისტრირებისას გამოწვეული ხარვეზი განმარტა

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

მისი თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ქვეყანამ „კოვაქსის“ პრატფორმიდან შეისყიდა – 129 ათასი დოზა. აქედან 86 ათასი დოზა მიიღო იმ ვადებში, რა ვადებშიც იყო დადგენილი და დანარჩენ 43 ათასს ქვეყანაში მაისის დასაწყისიდან ელოდებოდნენ, თუმცა „გარკვეული მიზეზების გამო გადავადდა“.

„ბოლო ვადა, რომელიც გვქონდა დათქმული, 22 ივნიისიდან, რაზეც იყო აწყობილი ლიჯისტიკურად ჩვენი მიწოდების სქემა, ესეც გადავადდა და ამან გამოიწვია მოწოდებაში შეფერხება.

რაც შეეხება დოზებთან დაკავშირებულ პრობლემას, ითქვა არაერთხელ, რომ რაღაც დოზა დაიკარგა, სადღაც გაქრა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უტრირებული აღწერა იმ სიტუაციის რომელთანაც საქმე გვაქვს, დოზის დანაკარგი არის ტექნიკური ტერმინი ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით,  „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ დანაკარგი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია,  „ფაიზერის“ შემთხვევაში კი დაახლოებით 0.3%-ია , რაც უკავშირდება მექანიკურ დაზიანებას.

„აქ რაც მოხდა ხარვეზი [„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში] და რასაც აუდიტის სამსახური სწავლობს, რაც არ გვინდა, რომ განმეორდეს სამომავლოდ, როდესაც მასშტაბი ვაქცინაციის პროგრამის იქნება ძალიან დიდი, რა თქმა უნდა, ყოველდღიური მიწოდების პროცესში არ უნდა შეფერხდეს ვაქცინის გადაცემა მისი შენახვის ადგილიდან ვაცქინაციის მიმწოდებელ დაწესებულებაში. აი, ეს ხარვეზი გამოვლინდა პირველ რიგში და ამასთან დაკავშირებით უკვე აუდიტი ყველა დონეზე პასუხისმგებელ უწყებასთან ამ საკითხს შეისწავლის იმისთვის, რომ ლოჯისტიკის ჯაჭვი იყოს სრულად გამართული და მსგავსი პრობლემები არ შეიქმნას.

რაც შეეხება პირველ და მეორე დოზებს, იყო მოსახლეობის ნაწილი, რომელიც დარეგისტრირდა პირველი დოზით აცრაზე. პირველი დოზის გადავადება პრობლემას ნაკლებად წარმოადგენს. მთავარია, რომ მე-10 და მე-12 კვირაზე ვისაც უწევს ვაქცინაცია, ეს შესრულდეს, რაც ასე ხდება და „ასტრაზენეკათი“ აცრა მეორე დოზაზე არის ახლა მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც უწევთ მე-10 და მე-12 კვირა აცრის შემდეგ. ამდენად ეს პროცესი ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე მალე მოგვარდება, ვინაიდან „ასტრაზენეკას“ დოზებსაც ველოდებით უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა გაბუნიამ.