„თბილისი პრაიდის” წარმომადგენელი თამარ ჯაყელი „ქართული ოცნების” ჰომოფობიურ ინიციატივას ეხმაურება.
მისი შეფასებით, მმართველმა პარტიამ ფაშიზმის გაფორმება დააანონსა.
„ასე ხდება, როცა 12 წელია ხელისუფლებაში ხარ, ყველა რესურსი ხელთ გაქვს და მაინც ვერაფერ ღირებულს ვერ სთავაზობ ამომრჩეველს“, – წერს თამარ ჯაყელი.
მისი თქმით, 2023 წლის მარტის აქციებისა და რუსული კანონის ჩაგდების შემდეგ ხელისუფლებამ მალევე გაამძაფრა სიძულვილის შემცველი რიტორიკა, რომელიც საზოგადოების დაყოფას და მტრის ხატის შექმნას ემსახურება.
„ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ გუნდმა. კიდევ ბევრი ურთულესი დღე გველის, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, რომ იმედით ვართ განწყობილი. ჩვენი საზოგადოება შესაძლოა კონსერვატორულია, თუმცა ბრიყვი და ზიზღით სავსე ნამდვილად არ არის.
რაც კი რამ სტიგმაა ქართულ საზოგადოებაში, ყველაფერი სკამებსა და ფულს დახარბებული თითო-ოროლა ადამიანის ნაკვებია. ამ მავნე ადამიანებმა, პერიოდულად რომ „ტრადიციული ღირებულებების“ სახელით ეკრანებიდან გვესაუბრებიან, სინამდვილეში ოჯახები გახლიჩეს, დედ-მამები ლუკმაპურისთვის ემიგრაციაში გაუშვეს, ხოლო ბავშვების სიღატაკე, შიმშილი, გაუნათლებლობა და უპერსპექტივობა ნორმად აქციეს.
რაც არ უნდა მედიები, სატელიტები და ტროლ-ბოტები ამუშაონ ძალაუფლებაზე დახარბებულმა ადამიანებმა, სიმართლე ჩვენს მხარესაა, ხალხი ყველაფერს ხედავს. გვაქვს ფართო საზოგადოების იმედი, რომ ერთად კვლავ შევძლებთ სიძულვილის პოლიტიკის დამარცხებას”, – დაწერა ფეისბუქზე თამარ ჯაყელმა.
2024 წლის 25 მარტს „ქართულმა ოცნებამ” ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები დააინიციირა, რომელიც, მხატვრული ნაწარმოებების ცენზურასა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც ითვალისწინებს.
წარდგენამდე მის შესახებ მმართველი გუნდის წევრები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში საუბრობდნენ.
„ოცნების“ ლიდერები ამბობდნენ, რომ შეზღუდავდნენ, მათი მტკიცებით, „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“.
მამუკა მდინარაძის თქმით, ცვლილებები შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს. კერძოდ, მას დაემატება მე-3 მუხლი, სადაც ჩაიწერება, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია”.
შემდეგ კი უნდა მოხდეს მთელი რიგი კანონების შეცვლა და მათი ჰომოფობიურად ფორმულირება.
მდინარაძის ჰომოფობიურ ინიციატივაში ნათქვამია, რომ „კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს”.
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, აკრძალულია იმგვარი შეკრება, ასევე, ისეთი ნაწარმოებების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში ამავე შინაარსის ინფორმაციის მიწოდება.
არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.
ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კი „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი რაოდენობით დეპუტატები არ ჰყავს.