თამარ კორძაია საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს

პუბლიკა

პოლიტიკოსი თამარ კორძაია ამბობს, რომ ის საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებას ხელი იმიტომ მოაწერა, რომ დასავლური კურსი არის მნიშვნელოვანი და ბევრი პუნქტი შეიძლება არ იყო მოსაწონი, მაგრამ შეთანხმება იყო დასავლური ეგიდით.

„ახლა კი იმ ძალას, რომელსაც ეს შეთანხმება უნდა შეესრულებინა, მას ანულირებულად აცხადებს, არ აინტერესებს დასავლეთი, დასავლეთის შეფასება, ამიტომ მასთან საპარლამენტო თანამშრომლობა შეუძლებელია.

„ქართული ოცნება“ სანამ არ დაიხევს უკან, მასთან თანამშრომლობა შეუძლებელია და შეურაცხყოფილი უნდა იყოს ყველა, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა.

კიდევ ერთი საკითხი – როცა დოკუმენტს ხელს ვაწერდით, მაშინ ვიყავით ოპოზიცია და ახლა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 10% გავხდით?! „ქართული ოცნების“ ორმაგ სტანდარტებს კი არ/ვერ შევუწყობ ხელს პარლამენტში სესიებზე შესვლით და კრიტიკული კითხვების დასმით“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისი თქმით, მმართველ პარტიასთან კომუნიკაციას საპარლამენტო ფორმატში არ აქვს აზრი: „არჩევნების გზით უნდა დავამარცხოთ და ვაიძულოთ ის, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს”.


გუშინ, 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს, იმ შემთხვევაში დაინიშნებოდა, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება” ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა.