თამარა წულეისკირი წერს, რომ ყველამ წაშალოს Facebook-დან, ვინც მის ქმარს მოღალატე უწოდა

პუბლიკა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, თამარა წულეისკირი, რომელიც „ოცნების“ დეპუტატის ლევან კობიაშვილის მეუღლეცაა წერს, რომ ყველამ დატოვოს მისი Facebook-მეგობრების სია, ვინც მის მეუღლეს მოღალატეს ეძახის.

დეპუტატი და ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი იმ 78 დეპუტატს შორისაა, რომელმაც რუსულ კანონონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.

„ჩემი „friend-ების“  საყურადღებოდ (ამ სიტყვას გამიზნულად ვიყენებ, რადგან მისი უშუალო ქართული თარგმანი შინაარსობრივად ჩემთვის სრულიად სხვა დატვირთვის მატარებელია)!

ჩემი ქმარი – ლევან კობიაშვილი!

როცა რაღაცას არ ვეთანხმებით შეგვიძლია უმწარესად ვიკამათოთ, გავბრაზდეთ, შევიგინოთ კიდეც გამწარებულზე, გავაპროტესტოთ, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, შევაფასოთ როგორც გვინდა კონკრეტული საქციელი, გავიდეთ მიტინგზე, მოვითხოვოთ რაც გვინდა და სხვა.

ჩემთვის ყველაფერი მისაღები და მეტიც, მისასალმებელია! ყველაფერი! გარდა ერთისა – ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ ამ ორი სიტყვის შესახებ ერთ კონტექსტში, უმორჩილესად გთხოვთ, თავად, უკანმოუხედავად დატოვოთ ჩემი friend-ების სია სოც ქსელებში და ასევე ნაცნობის სტატუსი ფიზიკურ ფორმატში.

მსგავს თანადედამიწელებთან არათუ ევროპაზე, საერთოდ არაფერზე არაფერი მაქვს სასაუბრო. უბრალოდ აზრი არ აქვს”, – დაწერა თამარა წულეისკრიმა Facebook-ზე. 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2005 წელს დაფუძნდა და მიზენბში წერია, რომ ის უკვე 14 წელია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნავს.

„ჩვენი გუნდის მიზანია მოსახლეობას უკეთ გავაცნოთ ნატო და ევროკავშირი, ასევე, მოვიპოვოთ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, “- წერია ცენტრის ვებგვერდზე.