თამლიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, საპატიმროს ის დღეს დატოვებს

პუბლიკა

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ბესიკ თამლიანს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ინფორმაციას ადასტურებს საქალაქო სასამართლო და თამლიანის ადვოკატი ლევან იოსელიანი.  დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა პროცესი. ლევან იოსელიანის თქმით, თამლიანის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება მოსამართლემ თავისი ინიციატივით მიიღო და საპატიმროს ის დღეს დატოვებს.

“დღეს სასამართლომ თავისი ინიციატივით გაათავისუფლა, ვინაიდან 4 აპრილს ეწურებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებული 9-თვიანი პატიმრობის ვადა. გვყავდა დასაკითხი 10 -მდე მოწმე და ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა მოწმეების დაკითხვა და პროცესების ჩატარება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თავისი ინიციატივით მიიღო გადაწყევტილება მოსამართლემ და ბესიკ თამლიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა”,- განუცხადა “პუბლიკას” ლევან იოსელიანმა.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.