თამთა კალანდაძე: ამხელა სისტემა ებრძვის მხოლოდ ლაზარეს

პუბლიკა

ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ამბობს, რომ პოლიციელების პრეზიდენტისადმი მიმართვამ, არ შეიწყალოს დაკავებული, „მოლოდინს გადააჭარბა”.

„მსგავსი რამ არც მინახავს, არც გამიგია”. – თქვა მან „ფორმულას” ეთერში.

ლაზარე გრიგორიადისის დედამ ასევე თქვა, რომ ოჯახი სასამართლოს დასრულებას ელოდება.

„ჯერჯერობით სასამართლო არ დასრულებულა. ველოდით, რომ დასრულებულიყო სასამართლო და შემდეგ მიგვემართა სალომე ზურაბიშვილისთვის, მაგრამ პოლიციამ დაგვასწრო და იძახიან, რომ დაზარალებულები არიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მატყუარები არიან. ჩვენს ქვეყანაში ასეა – მატყუარები გარეთ არიან, დაზარალებულები ციხეში სხედან”. – ამბობს თამთა კალანდქაძე.

მისივე თქმით, მთელი სისტემა მხოლოდ ლაზარეს ებრძვის.

“ველოდებით, რომ სასამართლო დასრულდება და შემდეგ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს. ამხელა სისტემა ებრძვის მხოლოდ ლაზარეს და რა ვიცი, თუ ამაში სამართალს ვინმე პოულობს, კი ბატონო. ჯერ ლაზარეს ბრალეულობა არც დამტკიცებულა, მოდიან მოწმეები, ზოგი რას იძახის, ზოგი რას. […] ლაზარემ თავის ინტერვიუში სწორად აღნიშნა, მათ ეშინიათ, რომ ჩვენ არ მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევიან ისინი. მათ არ უნდათ, რომ ახალგაზრდები კიდევ გამოვიდნენ გარეთ და კიდევ გააპროტესტონ რამე”. – ამბობს გრიგორიადისის დედა.

დღეს, 22 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ  7-8 მარტის აქციებზე „დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს”. 

უწყების ცნობით, დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება. 

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის 7-9 მარტს, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული. ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა სასამართლოში 17 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, პროკურატურამ გადადება ითხოვა. უცნობია, როდის განახლდება პროცესები. არ არის დასრულებული მოწმეების გამოკითხვაც.