თამთა ხალვაში კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე

პუბლიკა

რეჟისორ ზაზა ხალვაშის შვილი, თამთა ხალვაში ეხმაურება კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ „ნამესნაირი“ ფილმების შექმნისა და წარმატების გასაღები სწორედ ის გარემო იყო, „სადაც სფეროს შიგნით არსებული პრობლემები და კრიზისები არა „ზემოდან“ ჩარევის გზით, არამედ სფეროს წარმომადგენლებს შორის მუდმივი დიალოგით რეგულირდებოდა“.

„ზაზა ხალვაში იმ თაობას მიეკუთვნება, რომელსაც კინოინდუსტრიის ჩამოშლისა და სტაგნაციის გამო, საკუთარი საქმის კეთების საშუალება დიდი ხნით წაერთვა. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაარსება 2000-იან წლებში და ის მწირი რესურსები, რაც ამ ინსტიტუციას გაუჩნდა, ზაზას თაობისთვის დიდი ხნით გვერდზე გადადებულ საქმიანობასთან დაბრუნების ტოლფასი იყო. ზაზას გახმაურებული ფილმი „ნამე“, რომელიც 2018 წელს საქართველოდან ოსკარების შესარჩევ კონკურსზე გაიგზავნა და მისი უკანასკნელი ფილმი „ლოტო“, რომლის მსოფლიო პრემიერა როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2023 წელს შედგა, სწორედ, კინოცენტრის მიერ დაფინანსდა. უფრო მეტიც, რომ არა, კინოცენტრის ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხეიძის მხარდაჭერა, „ლოტოს“ გადაღებების დასრულება შეუძლებელი იქნებოდა.

კინოცენტრს, ისევე როგორც ბევრ სხვა ინსტიტუციას უამრავი პრობლემა ჰქონია ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ რაც მას წლების მანძილზე აძლიერებდა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ორგანიზაციად აქცევდა, იმის შესაძლებლობა იყო, რომ პრობლემებზე სფეროს წარმომადგენლებს შორისვე გამართულიყო დისკუსია და ამ პროცესში გამოძერწილიყო კინოს ახალი კონტურები. ზაზაც ამ პროცესის ნაწილი იყო, სადაც მას არაერთი იმედგაცრუება განუცდია. მაგრამ „ნამესნაირი“ ფილმების შექმნისა და წარმატების გასაღები საბოლოოდ სწორედ ის გარემოა, სადაც სფეროს შიგნით არსებული პრობლემები და კრიზისები არა „ზემოდან“ ჩარევის გზით, არამედ სფეროს წარმომადგენლებს შორის მუდმივი დიალოგით რეგულირდებოდა“, – წერს თამთა ხალვაში.

რეჟისორი ზაზა ხალვაში 2020 წელს გარდაიცვალა. მან ბოლი სურათის, „ლოტოს“ დასრულება ვერ მოასწრო. ფილმის დასრულებაზე თამთა ხალვაშმა გადამღებ ჯგუფთან ერთად იმუშავა.

კინომცოდნეებმა ზაზა ხალვაშის „ნამე“ 2019 წლის „პუბლიკის“ გამოკითხვაში 21-ე საუკუნის საუკეთესო ქართულ ფილმად დაასახელეს.


11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან; მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ კი მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“.