თამთა მიქელაძე სადიგოვზე: მეუღლეს შეატყობინეს, რომ გადაიყვანეს ციხის სამედიცინო დაწესებულებაში

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, თამთა მიქელაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დამძიმდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც 21 სექტემბერს შიმშილობა დაიწყო.

მისი თქმით, სადიგოვის ცოლს შეატყობინეს, რომ პატიმარი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. მეუღლეს ახლა შეატყობინეს, რომ ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს დაუძლურებული პატიმარი. არაადამიანურია, რაც ამ პატიოსანი ჟურნალისტის და მისი ოჯახის თავს ხდება. ორივე მთავრობას დანაშაულებრივად აქვს პირი შეკრული ჟურნალისტების ოჯახის წინააღმდეგ და ყველაფერს კადრულობს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ ერთსულოვანი სოლიდარობა ვაჩვენოთ სადიგოვების ოჯახის მიმართ“, – წერს მიქელაძე სოციალურ ქსელში.

მიქელაძე ამბობს, რომ სადიგოვის საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში საზოგადოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
აფგან სადიგოვის საქმის დეტალები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 2023 წლის 24 დეკემბრიდან იმყოფება საქართველოში და აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა.

18 ივლისს აფგან სადიგოვს ოჯახთან ერთად მცდელობა ჰქონდა, რომ გამგზავრებულიყო თურქეთში, რის საშუალებაც მესაზღვრეებმა არ მისცეს და უთხრეს, რომ მეუღლესა და შვილებს შეეძლოთ საზღვრის გადაკვეთა, თუმცა აფგან სადიგოვს მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო.

მიზეზი არ განუმარტეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ინფორმაცია აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ საქმის აღძვრისა და მის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ. თავად სადიგოვს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

„უფლებები საქართველო“ 18 ივლისიდანვე ჩაერთო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეში. პროკურატურის ინფორმაციით, აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის წინააღმდეგ საქმე აღიძრა  2024 წლის 9 მაისს. 13 მაისს კი აზერბაიჯანულმა მხარემ ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

2 აგვისტოს აფგან სადიგოვი „უფლებები  საქართველოს“ იურისტთან ერთად შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს, სადაც განიხილეს მისი თურქეთში არგაშვების ფაქტი.

შსს-მ არც სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა  ინფორმაცია, თუ რა გახდა  აფგან სადიგოვის საქართველოდან გაშვებაზე უარის თქმის მიზეზი, ისევე როგორც, არ მიაწოდა ინფორმაცია მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და ძებნის გამოცხადების შესახებ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა 3 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ  გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. დაკავების ფაქტს შეესწრო მისი ცოლი და არასრულწლოვანი შვილები. აფგან სადიგოვმა მხოლოდ დაკავების შემდეგ გაიგო, რომ ის ძებნილია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული აზერბაიჯანში.

გამოძიების ინფორმაციით, აფგან სადიგოვის დაკავება განხორციელდა აზერბაიჯანის მოთხოვნით. მას ბრალად ედება დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით – „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით, შეურაცხმყოფელი ინფორმაციის  გავრცელების მუქარა არაერთგზის“.

4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან სადიგოვს,  აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

8 აგვისტოს „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და მოითხოვეს, რომ გაუქმებულიყო განჩინება აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს შესთავაზეს გირაოს გამოყენება 2000 ლარის ოდენობით. პარალელურად, აფგან სადიგოვმა და მისმა ადვოკატებმა საქართველოს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართეს საქართველოში  საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.

13 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი მიროტაძემ დაუშვებლად ცნო  „უფლებები საქართველოს“  სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს  განჩინება.

მივიჩნევთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.