თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებული წინასასამართლო სხდომა გადაიდო

პუბლიკა

დღეს თამთა თოდაძის საქმესთან დაკაშირებული, დაგეგმილი  წინასასამართლო სხდომა  პროკურატურის მოთხოვნით გადაიდო და 2 დეკემბერს გაიმართება.

თამთა თოდაძის ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავს. ორგანიზაციის ინფორმაციით,  პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებებისთვის ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რის გამოც, გადაიდო სხდომა.

თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თამთა თოდაძე ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო და მას შემდეგ, რაც უთხრა ჯიშკარიანს, რომ მობილურით გადაიღებდა ყველაფერს, დეპუტატმა მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა.

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 138 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილი).

დეპუტატი ჟურნალისტებს არ ესაუბრებოდა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ბრალი წარუდგინეს. რამდენიმე ტელევიზიამ ის საავადმყოფოში ჩაწერა. ილია ჯიშკარიანი ყველაფერს სიცრუეს უწოდებს და მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობას.

სახალხო დამცველი, მათივე ინფორმაციით, მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მსვლელობას მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში.

„საკითხის სიმძიმიდან და მგრძნობელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ეფექტიანად წარიმართოს გამოძიება, მათ შორის, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედება. ამასთან, მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებითა თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით და საგამოძიებო ორგანომ აქტიურად ითანამშრომლოს სავარაუდო მსხვერპლსა და მის წარმომადგენელთან,“ – ამბობს სახალხო დამცველი.