თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებული წინასასამართლო სხდომა ისევ გადაიდო

პუბლიკა

დღეს თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებული წინასასამართლო სხდომა,  დაცვის მხარის მოთხოვნით, გადაიდო და 11 დეკემბერს გაიმართება.

სხდომის გადადება ბრალდებული ილია ჯიშკარიანის დაცვის მხარემ მოითხოვა. პროკურატურამ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებიდან 20-მდე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. სწორედ ამ შუამდგომლობაზე პასუხის მომზადებისთვის მოითხოვა დაცვის მხარემ დრო.

სხდომას ბრალდებული ილია ჯიშკარიანიც ესწრებოდა. როგორც ის აცხადებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ილია ჯიშკარიანმა სასამართლოს შენობა ისე დატოვა, ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თამთა თოდაძე ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო და მას შემდეგ, რაც უთხრა ჯიშკარიანს, რომ მობილურით გადაიღებდა ყველაფერს, დეპუტატმა მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. თამთა თოდაძის ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავს.

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 138 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილი).

ბრალდებულ ილია ჯიშკარიან აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო 11 ოქტომბერს შეეფარდა.