თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს შოვში ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაღუპულთა, ასევე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას.
მათ თან ჰქონდათ ბანერები სხვადასხვა გზავნილით, ყვავილები და სანთლები.
„შევიკრიბეთ, რათა დაღუპულთა ოჯახებსა და ერთმანეთს დავანახოთ, რომ ჩვენი ტკივილი და თანადგომა სცდება ფეისბუქის პოსტებს; შევახსენოთ ამ მთავრობას, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აუცილებლად მოვთხოვთ პასუხისმგებლობას; შევახსენოთ რუსეთს, რომ ოკუპანტია და გვახსოვს ომის დაწყების ნამდვილი თარიღი!“, – განაცხადეს აქციის ინიციატორებმა.
„ჩვენი აქ შეკრების მიზეზი არის 3 აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედია, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს.
გარდა ამისა, 2008 წლის 7 აგვისტოს ოკუპანტი და აგრესორი ქვეყანა, რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და მას შემდეგ დღესაც, ყოველდღიურად ახდენს ქვეყნის ოკუპაცას, ხალხის გატაცებას, წამებას, გაუპატიურებას, შეურაცხყოფას… მინდა, პატივი მივაგოთ გარდაცვლილ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვენისთვის, ჩვენი სიცოცხლითვის, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ქვეყნის ოკუპაცია და საქართველო არასდროს იყოს რუსეთი“, – განუცხადა „პუბლიკას“ მარიამ კანდელაკმა.