„ხელმძღვანელმა თანამდებობის დატოვება „მირჩია“, ახსენა ჩემი პოლიტიკური მოსაზრებები, გაზიარებული პოსტები“

პუბლიკა

კლეოპატრა ქარუმაშვილი საჯარო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პროფესიული უნარების სააგენტოდან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო  გაათავისუფლეს.

კლეოპატრა ქარუმაშვილი განათლების სამინისტროს ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს ექსტრაკურიკულური აქტივობების კოორდინატორის პოზიციას იკავებდა.

„1 თვის წინ კი პროფესიული უნარების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ირინა მარგიშვილმა თავს უფლება მისცა და „მირჩია” თანამდებობის დატოვება. საუბრის დროს ახსენა ჩემი პოლიტიკური მოსაზრებები, სააგენტოს „რეორგანიზაციის” მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, სოციალურ ქსელში გაზიარებული კრიტიკული პოლიტიკური პოსტები და სხვის პოსტებზე რეაქციები.

ასევე ახსენა, რომ აფასებს ჩემს დამოკიდებულებას და ერთგულებას საქმის მიმართ, მაგრამ, ორგანიზაციაში სჭირდება სრული ერთგულება და იმის მიუხედავად, რომ  „საქმეს ვუკეთებ” ეს არ არის საკმარისი“, – წერს კლეოპატრა ქარუმაშვილი.

„პუბლიკა“ დაკავშირებოდა პროფესიული უნარების სააგენტოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს და ვკითხეთ ქარუმაშვილის მიერ გავრცელებული პოსტის საპასუხოდ რა პოზიცია ჰქონდათ უწყებაში.

პასუხად განგვიცხადეს, რომ ,- „სააგენტო უარყოფს პოსტის შინაარსის რელევანტურობას, მაგრამ ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ აპირებს.“

როგორც ქარუმაშვილი პოსტში აღწერს, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, 2024 წლის მარტში დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს სააგენტოს არჩეული დირექტორი – თამარ ქიტიაშვილი. სულ მალე თანამდებობა დატოვა სააგენტოს სრულმა მენეჯმენტმა.

ქარუმაშვილი წერს, რომ ის სააგენტოში მიმდინარე ცვლილებებს უსამართლოდ მიიჩნევდა და ამასთან დაკავშირებით ღიად აფიქსირებდა მოსაზრებებს.

„ამიტომაც ჩავთვალე, რომ ჩემი ნებით სამსახურის დატოვება ხაზს გადაუსვამდა ჩემს სიმართლეს. უარის თქმის შემდეგ რამდენიმე დღეში გამოაცხვეს ყველაზე უნიჭო „რეორგანიზაცია” და გამანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო გზით შევეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას! იმისთვის, რომ მეტად ვეღარ გაბედონ ადამიანის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, უფლებების დარღვევა და საჯარო სექტორის/საბიუჯეტო ორგანიზაციების იმიჯის შელახვა“, – წერს კლეოპარტა ქარუმაშვილი.