„თანამშრომელი არ არის გათავისუფლებული. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იყო ძალიან დიდი გაუგებრობა“, – უთხრა „პუბლიკას“ სუპერმარკეტების ქსელის Spar Georgia-ს შვილობილი კომპანიის, Daily-ის წარმომადგენელმა.
გუშინ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამკვირვებელი სუპერმარკეტების ქსელის SPAR-ის ჩოხატაურის ფილიალში მენეჯერმა სამსახურიდან გაათავისუფლა, რადგან მან არჩევნებზე დასაკვირვებლად სამსახურიდან ერთი დღით გათავისუფლება სთხოვა.
„პუბლიკა“ გუშინვე შეეცადა სუპერმარკეტების ქსელთან ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა უშუალოდ შვილობილ კომპანიასთან დაკავშირება დღეს მოხერხდა. სუპერმარკეტების ქსელ daily-ში ამბობენ, რომ ჩოხატაურის ფილიალიდან თანამშრომელი არ გაუთავისუფლებიათ და ამის შესახებ ინფორმირებულია ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ და მისი ხელმძღვანელიც.
„ბრძანება არ დაწერილა, არც რამე გვითქვამს და განგვიმარტავს არჩევნებში დამკვირვებლად მონაწილეობის შესახებ თანაშრომლისთვის. არასწორი ინფორმაციაა სრულიად. თანამშრომელი ჩვეულებრივ ხვალ დილიდან ცვლაშია და გააგრძელებს მუშაობას. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. გუშინ ვესაუბრეთ კიდეც ორგანიზაციის წარმომადგენელს და მას სხვა ინფორმაცია ჰქონდა. უბრალოდ, იყო ძალიან დიდი გაუგებრობა“, – ამბობენ Daily-ში.