„თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა“ – გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. როგორც პრემიერი წერს, თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, – წერს გახარია.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და არჩევნების შედეგები შეაფასა.

„საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, სადაც ყველა ფუნდამენტური უფლება იყო დაცული – ეს არის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასება.

მადლობა თითოეულ მათგანს, საქართველოს დემოკრატიის ერთგულებისთვის, იმისთვის, რომ გლობალური პანდემიის ფონზეც კი, ჩამოვიდნენ საქართველოში და მხარი დაუჭირეს ჩვენს ქვეყანას წინსვლის პროცესში.

როგორც ყოველთვის ვაცხადებდით, ამ ურთულეს პირობებშიც კი, საქართველომ შეძლო თავისუფალი, ღია და კონკურენტული არჩევნების გამართვა, ცალკეული ხარვეზები კი არის გამოსწორებადი, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ეს მისწრაფება გვაახლოებს ევროპული სახელმწიფოს მშენებლობასთან.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მოქალაქეებს აქტიურობისთვის. მადლობა მხარდამჭერებს, რომელთა სიმრავლე კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ ერთად გავაგრძელოთ წინსვლა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.