თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული მესაზღვრე 3-დღიანი მალვის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა

პუბლიკა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული მესაზღვრე პოლიციას ჩაბარდა – ინფორმაცია „პუბლიკას“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. ბრალდებული სამი დღის განმავლობაში იძებნებოდა.

პროკურატურის განცხადებით, 20 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის – მულახის  თანამშრომელმა ბ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს ბ.ი.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.