თანასოფლელი მოკლა და 2 პოლიციელი დაჭრა - ბებნისში ერთი ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ზ.ნ. დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი მოკლა, შემდეგ კი ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ესროლა. შსს ამბობს, რომ სროლის შედეგად დაზიანება მიიღო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, 1981 წელს დაბადებულმა ზ.ნ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თანასოფლელი – 1975 წელს დაბადებული ზ.ი. მოკლა. ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, რა დროსაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა სამართალდამცველების მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად დაზიანება მიიღო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული“, – წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.